ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე- ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მძიმე პანდემიის მიუხედავად, ეპიდსიტუაცია ამ დროისთვის სრულიად მართვადია.

“ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია. თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში შევალთ უფრო მეტად დამშვიდებული, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება. ყველამ უნდა დავიცვათ ის აუცილებელი რეკომენდაციები, რაც ყოველთვის ჟღერდება ჯანდაცვის სექტორის მიერ. ეს გახლავთ ხუთი ფაქტორი: პირბადის უნივერსალური ტარება; დისტანცია; სანიტარული წესრიგი; დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება — 17-ვე კლასტერი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, დაიწყო სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ, როგორმე უნდა მოვითმინოთ; იმუნიზაციის გააქტიურება. თუ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, იმედია გარკვეულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას”– განაცხადა გამყრელიძემ