ახალი ამბები

თელავის ტექნოპარკში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

თელავში, ტექნოპარკში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით მასშტაბური სტუდენტური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა ახალგაზრდას, რომელიც 18-დან 30 წლამდეა და სურს გახდეს მეწარმე და ამავდროულად, დადებითი ცვლილებები მოუტანოს საზოგადოებას.

მათივე თქმით, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ პროფესიონალების გამოცდილება, გაიმარჯვონ და განახორციელონ საკუთარი იდეები. ისინი მიიღებენ ფულად ჯილდოს და დაესწრებიან ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების საერთაშორისო სამიტს.

პროგრამასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა 16 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება თელავის ტექნოპარკში.

ღონისძიების ფბ ბმული: https://fb.me/e/2bXPtE7H4

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

SIA (SOCIAL IMPACT AWARD) არის სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა, რომელიც 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.