თელავში კაცმა მეუღლის სახელზე მანქანა შექმნა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავტომანქანების ხელოსანმა თამაზ მეტრეველმა საკუთარი დიზაინით ხელნაკეთი მანქანა ააწყო, რომელსაც თავისი მეუღლის სახელი ,,ელენა“ დაარქვა.
ხელოსნის მეუღლე, ელენა ხანჯალიაშვილი განმარტავს, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი ერთად გააკეთეს, დღეს კი მანქანა, რომელიც თელავის ქუჩებში დადის ქართველების და უცხოელების დიდ ინტერესს და მოწონებას იწვევს.
,,ჩემმა მეუღლემ მანქანის აწყობა 1990 წელს დაიწყო. თავიდანვე უნდოდა გაეკეთებინა კაბრიოლეტის სტილის მანქანა. ამ სამუშაოს ვასრულებდით ერთად.თავიდან ჩონჩხივით გააკეთა და შემდეგ წამოვიდა იდეა როგორი უნდა ყოფილიყო მისი დიზაინი. შეუღლების შემდეგ სამი ვაჟიშვილი შეგვეძინა და ჩემდამი სიყვარულის და პატივისცემის გამოსახატად მანქანას სახელი ,,ელენა’’ დაარქვა. მე ამის შესახებ არ ვიცოდი, მანქანა გამოსაცდელად და შესაბამისი საბუთების ასაღებად წაიღო თბილისში და უკან საბუთებით დაბრუნდა, სადაც მანქანის სახელიც ეწერა. ადრეც და ახლაც ოქროსხელება ოსტატს ეძახდნენ. მანქანა შესამოწმებლად რომ წაიღო, იმდენად დიდი სიზუსტით იყო გაკეთებული ყველა დეტალი, კომისიის წევრებს არ ეჯერათ რომ ხელით იყო აწყობილი.სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს მანქანა არის მსოფლიოში ერთადერთი და ორიგინალი, რომელიც მეტრეველი თამაზის გაკეთებულია’’,- განუცხადა knews.ge-ს ელენე ხანჯალიაშვილმა.
მისი თქმით, თამაზ მეტრეველი მანქანების ხელოსანია, რამაც მანქანის ყველა ნაწილის ხელით გაკეთების პროცესი უფრო გაუადვილა. ელენე ხანჯალიაშვილის განმარტებით, მათ პირველი მანქანების შემდეგ სხვა მანქანების აწყობა სურდათ, თუმცა ფინანსების სიმცირის გამო აღნიშნული იდეის განხორციელება ვერ შეძლეს.