საქართველოში 2023 წლიდან ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის კონტროლი დაიწყება
2023 წლიდან საქართველოში საღებავებში ტყვიის შემცველობის მაკონტროლებელი ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რომელიც მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს ახალ ვალდებულებებს უწესებს.
ცვლილების მიზანს ქვეყანაში ტყვიით და მძიმე მეტალებით გამოწვეული ავადობების შემცირება და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაზრდა წარმოადგენს. რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე (90 ppm-ზე) მეტ ტყვიას (მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით) საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან.
ამასთან, სახელმწიფოს ექნება უფლებამოსილება, რეგლამენტის დაცვის შეფასების მიზნით, აიღოს ლაქ-საღებავების ნიმუშები და განსაზღვროს რამდენად შეესაბამება/არ შეესაბამება კონკრეტული პროდუქტი ეროვნულ სტანდარტებს.
“ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტის დანართში ჩამოთვლილთაგან მხოლოდ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე, გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30კგ-მდე საერთო წონის ლაქ-საღებავებისა, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის”, – ნათქვამია დოკუმენტში.
შესაბამისად, მოქალაქეების მიერ უშუალოდ საკუთარი მოხმარებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე ეს რეგლამენტი არ ვრცელდება.
“დისტრიბუტორი ვალდებულია, ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებამდე, დარწმუნდეს, რომ ლაქ-საღებავზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია და თან ერთვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დოკუმენტები. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
დისტრიბუტორი ვალდებულია არ განათავსოს ლაქ-საღებავი ბაზარზე, თუ მიიჩნევს ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ლაქ-საღებავი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სანამ ლაქ-საღებავი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს,” – ნათქვამია დოკუმენტში.
რეგლამენტი ძალაში 2023 წლის 1 ივლისიდან შედის.