ახალი ამბები

კახეთში ბრაკონიერებმა გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი დაჭრეს

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო) ინფორმაციით, კახეთში, სოფელ მაღაროსთან, ადგილობრივებმა ბრაკონიერების მიერ დაჭრილი გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი იპოვეს.

ორგანიზაცია დაჭრილი ფრინველის ფოტოებსაც ავრცელებს და შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

,,მძიმე მდგომარეობის გამო, ფრინველი თბილისში გადმოვიყვანეთ. რენტგენზე 7 ფინთიხი და არაერთი გამჭოლი ჭრილობა გამოჩნდა.
სავარაუდოდ, ინდივიდი ერთი წლისაც არაა და რომელიმე თბილი ქვეყნიდან საგაზაფხულოდ დაბრუნდა საქართველოში.
ეს ბექობის არწივზე ბრაკონიერობის მეორე შემთხვევაა, რასაც ამ ტერიტორიაზე გადავაწყდით. შესაბამის უწყებებს ვთხოვთ, გაამკაცრონ კონტროლი, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც წითელი ნუსხის ფრინველები მრავლად არიან.
გვაქვს რუკა, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ საბუკოს მიერ სატელიტური გადამცემით დანიშნული ბექობის არწივები, რომელთა 80%-ზე მეტი პირველ ან მეორე წელსვე დაიღუპა.
ბექობის არწივი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მის კონსერვაციაზე საბუკო 2018 წლიდან მუშაობს”,-
აცხადებენ ორგანიზაციაში.

საბუკო“ – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის -დაარსდა 2008 წელს და მასშემდეგ მუშაობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ადგილობრივების ცნობიერების ამაღლებასა და ახალი სპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული და აძლიერებს რეგიონებში ეკოტურიზმის ზონებს.

ორგანიზაციას აქვს 3 მთავარი პრიორიტეტული მიმართულება: სახეობათა კონსერვაცია, ჰაბიტატების კონსერვაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება.