როდის მოიხსნება კომენდანტის საათის შეზღუდვა
კომენდანტის საათის შეზღუდვის საკითხი შესაძლოა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გადაიხედოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვის მოხსნა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
“კომენდანტის საათი არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება. ის პანდემიების დროს, შემზღუდველ ღონისძიებებში, სხვა შეზღუდვებთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. მეტი ინფორმაციაა საჭირო, რომ იმ ადამიანებმა, რომელებიც ავტობუსში ან მეტროში მრავლად არიან პირბადეები რაც შეიძლება მაქსიმალურად ატარონ.
კომენდანტის საათის შემთხვევაში ვთქვით, რომ მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. ახლა არ არის საგანგაშო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლები გაუარესდა და თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით მარტი-აპრილში ვივლით, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში კარგი იმედით შევალთ. ასევე შესაძლებელია, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში კომენდანტის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც იზრუნოს ქვეყანამ და განიხილოს ეს საკითხი. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენი მოწოდება კვლავ მთავარი რეკომენდაციების დაცვაა“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.