ახალი ამბები

კომპანია “ართანა – ლოპოტას” ხელმძღვანელი: ,,ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა არ იგეგმება”

კომპანია “ართანა – ლოპოტას” ხელმძღვანელი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა.

ბიძინა იმნაძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ხეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრომ წინასწარ შეისწავლა და დასკვნა დადო, რომ არანაირი გეოლოგიური საფრთხე არ არსებობს.

“ეს არის დეზინფორმაცია და არავინ აპირებს ძალადობას. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ მოსახლეობასთან, მაგრამ არის აქტივისტების ჯგუფი, რომელიც მშენებლობას ეწინააღმდეგება. არავითარი საფრთხე ხეობას არ ემუქრება. გარემოს დაცვის სამინისტრომ შეისწავლა ყველაფერი. არსებიბს ყველა დასკვნა. არც ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი და არც წყლის შეწყვეტა”,-
განაცხადა იმნაძემ.

სოფელ ლაფანყურში “ლოპოტა- 1” ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ორი დღეა, კარავი გაშალეს და მორიგეობა დააწესეს. ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, ლოპოტას ხეობას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება, სოფელს კი სასმელი წყალი შეუწყდება.