ახალი ამბები

აუდიტი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელსაც წევრები არ ჰყავს

სახელწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა და ანგარიში გამოაქვეყნა, როგორც გაირკვა, მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ფულს უხდის ანსამბლ “აისელებს”, რომელშიც წევრები არ ირიცხებიან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პასუხისმგებელი პირი ამას “თაობათა ცვლით” განმარტავს.

“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ „აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებული (სასწავლო წლის დასრულებიდან გასულია, დაახლოებით, 19 თვე)” – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ასევე ირკვევა, რომ ცენტრმა 2018-2019 წლებში დაფინანსების სახით 1 მილიონ 052 ათასი ლარი მიიღო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441.9 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს. დასკვნის მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით).

აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კულტურის ცენტრს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გააჩნია განყოფილებები, რომლებშიც ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები. მათი საქმიანობის შესწავლით და ობიექტების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ზოგ ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (შენობა- ნაგებობა, შესაბამისი ინვენტარი, სასწავლო პირობები და სხვ).

,,პასუხისმგებელი პირი ადასტურებს აღნიშნულ სოფლებში კულტურის სახლები არა ფუნქციონირებას. თუმცა განმარტავს, რომ შემოქმედებითი წრეები განლაგებულია ადმინისტრაციული შენობების ცალკეულ ოთახებში. მიუხედავად ამისა, აუდიტის ჯგუფისთვის შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ა(ა)იპ – „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში“ შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ „აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებულნი“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე, რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა ყოველდღიურ დატვირთვას.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა, საკადრო პოლიტიკა. ასევე, განსაზღვროს, რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს.
დოკუმენტის მიხედვით, ასევე დარღვევები ფიქსირდება, როგორც სხვადასხვა ინფრაქსტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე საშტატო ერთეულისა და ხელშეკრულებების გაფორმების მხრივ.

მაგალითად, აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ დედოფლისწყაროს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტმა ისე ჩაიბარა, რომ დაწესებულებაში რეაბილიტაცია, კერძოდ გადახურვის სამუშაობი თავიდან არის ჩასატარებელი.

„სამუშაოს შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფი, რომლის დადებითი შეფასებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა მათი ღირებულება. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული პროექტი, რა დროსაც გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაო.
რომლის შესახებ ინფორმირებული იყო მერის წარმომადგენელი. თუმცა ხარვეზის გამოსწორების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები არ გატარებულა. კულტურის სახლის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაზიანების მიზეზია შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი. შედეგად, კონტროლის მექანიზმებში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება“, –
ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.