ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ 5,9 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.

ადგილობრივების განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მშენებელმა კომპანიამ „ართანა ლოპოტა ჰესი“ ხეობაში შესაბამისი ტექნიკა შემოიყვანა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა მდინარე ლოპოტას პირას კარავი გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლიდან 7 კილომეტრში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას მოახდენს გარემოზე და სოფელს სასმელი და სარწყავი წლის გარეშე დარჩენა ემუქრება.
მათი თქმით, ისინი კომპანიას მშენებლობის საშუალებას არ მისცემენ.

„სოფლიდან 7 კილომეტრის მოშორებით აპირებენ გაანახლონ სამუშაოები და დაიწყონ 5.9 მგვტ ჰესის მშენებლობა, რაც სრულიად გაანადგურებს ბუნებას. უწყლოდ და შემოსავლის გარეშე დარჩება სოფელი. აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით ვირჩენთ თავს და ამასაც გვართმევენ. ვიცავთ ჩვენი სოფლის ბუნებას. არ მივცემთ საშუალებას შპს „ართანა ლოპოტას“, განაახლოს სამუშაოები“, – აცხადებენ ადგილობრივები.

ისინი კომპანიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვდნენ, რა დროსაც გადაწყდა, რომ მოსახლეობის ყველა კითხვაზე ექსპერტები სათანადო დასკვნებს გააკეთებდნენ და დამატებითი კვლევებიც ჩატარდებოდა, თუმცა როგორც ლაფანყურში აცხადებენ, მას შემდეგ მათთან კომპანიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
სოფელ ლაფანყურში თელავის მერის წარმომადგენლის, მორის პარწიკანაშვილის განმარტებით, მოსახლეობამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

“თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება, მთელი სოფელია ჩართული და დადგეს კარავი უკვე ორი დღეა. ყოველ ღამე ათი ადამიანი მორიგეობს. ამ მშენებლობას ადგილობრივები ერთი წლის წინაც ეწინააღმდეგებოდნენ”- განაცხადა პარწიკანაშვილმა.