ახალი ამბები

როგორია ლაგოდეხის ნაკრძალში ჯიხვის პოპულაცია

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 690 ინდივიდს აღწევს, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია.

,,ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვა 2 ეტაპს მოიცავს. მაის-ივნისში ჯიხვების შობადობა, ე.წ „ჯიხვების დოლი“ იწყება, როდესაც ახალდაბადებული ინდივიდების რიცხოვნების დადგენა ხდება. ნოემბრისა და დეკემბრის თვეები კი ჯიხვების გამრავლების პერიოდია, ისინი ჯგუფებად იკრიბებიან და საუკეთესო დროა მათი რაოდენობის დასათვლელად.
აღრიცხვის ორივე ეტაპზე, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან წინასწარ შერჩეულ ადგილებში და აწარმოებენ აღრიცხვას ჯიხვების სქესისა და ასაკის მიხედვით. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვისთვის იყენებს „პირდაპირი აღრიცხვის მეთოდს“, რომელიც შემუშავებული და აპრობირებულია პ. ვაინბერგის (2012 წ.) მიერ აზერბაიჯანში.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვისთვის მნიშვნელოვან საარსებო გარემოს წარმოადგენს, ამიტომ სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების მეშვეობით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები, რომელთა შედეგებიც აჩვენებს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი უნიკალური სახეობების რაოდენობა”,-აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.