თელავში, ერეკლე მეფის სახელობის თასის მოსაპოვებლად რაგბის ორი გუნდი იბრძოლებს
21 მარტს თელავში, „კავკასიონი რაგბი არენაზე“, 13:00 საათზე პირველი ლიგის ზედა ექვსეულის ბინადრები, თელავის ‘ჭადარი’ და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ დაუპირისპირდებიან.
თელავის რაგბის გუნდის წარმომადგენლების ინფორმაციით, გუნდები ცხრილის ბოლო ადგილის თავიდან აცილებას ცდილობენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერეკლე II-ს პრესტიჟულ თასს ერთწლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ გაითამაშებენ.
ერეკლე ბატონიშვილის თასს სათავე 2017 წელს დაედო. 4 წლის წინ, გუნდებისა და რეგიონების ხელმძღვანელთა ერთობლივი ძალისხმევით, ‘ტაოსა’ და ‘ჭადარის’ ნებისმიერი ხასიათის შეხვედრაში თამაშდება ცნობილი არქიტექტორის, დავით ტაბატაძის მიერ დამზადებული ერეკლეს თასი, რომელიც როგორც დიზაინით, ასევე მნიშვნელობით. მეტოქეთათვის გამორჩეულ ჯილდოს წარმოადგენს და დღემდე გამართულ ყველა შეხვედრას ქომაგის ინტერესი და მხარდაჭერა არ მოკლებია.
‘ტაომ’ და ‘ჭადარმა’ ერეკლეს თასი დღემდე 3-გზის გაითამაშეს და სამივე ჯერზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები მესხები გახდნენ. სამივე შეხვედრა ამხანაგურ ხასიათს ატარებდა და დამდეგი მატჩი მეტოქეთათივს პირველი ოფიციალური დაპირისპირება იქნება. შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, თასი მოქმედ მფლობელს დარჩება.
აღსანიშნავია, რომ ერეკლეს თასის მსგავს ღონისძიებას ქართული რაგბის ისტორიაში დღემდე ანალოგი არ გააჩნია.