ლელა ჯავახიშვილი – წარმატებული მოჭადრაკე და თელავის საპატიო მოქალაქე
წარმატებული მოჭადრაკე და თელავის საპატიო მოქალაქე ლელა ჯავახიშვილი დაიბადა 1984 წელს ქალაქ თელავში.
ლელა ტიტულოვანი დიდოსტატია, მედლები მრავლად აქვს მოხვეჭილი როგორც საერთაშორისო ტურნირებში, ისე 18-წლამდელთა მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე თანატოლთა შორის.
მისი თქმით, მეცადინეობა ექვსი წლის ასაკში დაიწყო.
,,ჭადრაკში მეცადინეობა ექვსი წლისამ დავიწყე გოგი ელიოზიშვილთან, 10 წლისა პირველად ჩამოვედი თბილისში საქართველოს პირველობაზე საასპარეზოდ და 64-უჯრიან დაფას დღემდე შემოვრჩი. კარგი მწვრთნელები მყავდა. ალბათ, ამიტომაც ქალთა ეროვნული ჩემპიონატი პირველად 2001-ში 16 წლისამ მოვიგე”– აცხადებს ლელა ჯავახიშვილი.
2006 წელს ის გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, 2011 წელს კი ევროპის გუნდური პირველობისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი. ასევე არის 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი და 2010 წლის ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, არის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი 2003-2004-2005 წლებში და ორგზის მესამე პრიზიორი 2002-2009 წელს.
ლელა ასევე ევროპის 8 ქალაქში ჩატარებული ჩემპიონატების პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელია. 2015 წელს მას მიენიჭა თელავის საპატიო მოქალაქის წოდება და ამავე წლიდან ტარდება “ლელა ჯავახიშვილის და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი“. 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინაჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებთან ერთად, 2019 წლის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი.