ახალი ამბები

ბერიკაობა კახეთში

ბერიკაობა ქართული ხალხური დღესასწაულია იმპროვიზაციული ნიღბების თეატრით. ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს. ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ ანუ (შვილი). დღესასწაული გაზაფხულის დასაწყისში იწყება.

დროთა განმავლობაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე.

ბერიკაობა სამგვარი წყობის იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო (სადღესასწაულო). საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბერიკაობა, რომელსაც ზოგჯერ 100-მდე შემსრულებელი ჰყავდა.

კახეთში ბერიკაობის დღესასწაულს დღემდე აღნიშნავენ და არამარტო კახეთში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც.

მარიამ ოქროცვარიძე