თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გაიმარჯვა
თელავის მუნიციპალიტეტი პროექტისთვის ,,თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობების თერმომოდერნიზება და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა” დაჯილდოვდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები ათეა-ს და პროექტ N4ED-ის დირექტორმა, დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი აცხადებს, რომ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამამ წარმატებული პროექტების გაზიარების მნიშვნელობა გამოკვეთა.
„3 წლის განმავლობაში განხორციელებულმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამამ უკვე ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთა მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული პროექტების გაზიარების მნიშვნელობა და აუცილებლობა” – აღნიშნა მზია გიორგობიანმა.
საქართველოს მუნიციპალიტეტების კარგ პრაქტიკებსა და მათი წახალისება-გაზიარების მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა.
„ეს მესამე ეროვნული კონფერენციაა სადაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია “წარჩინების სიგელით“ აჯილდოებს კარგი პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს. ნომინაციების სიმრავლე, ნომინირებულ მუნიციპალიტეტთა რაოდენობა და საერთაშორისო ორგანიზაციათა აქტიური მონაწილება ცხადყოფს, რომ ასოციაციის კარგი მმართველობის პროგრამა შედგა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ჰორიზონტალური თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმი“ – აღნიშნა მელუამ.
აღსანიშნავია, რომ BPP-ის კონკურსზე გამარჯვებული 9 თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო პროექტები, რომლებიც სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა 2019-2020 წლების კარგ პრაქტიკად დაასახელა, 22 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან შეირჩა.
N4ED-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, ასევე საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.