ექსტრემალური სპორტის მოყვარული 27 წლის ახალგაზრდა თელავიდან
27 წლის თელაველი ვალერი წიგნაძე ექსპრემალური სპორტის სახეობით, პარკურით 14 წლიდან არის დაკავებული.
ვალერი პროფესიით მზარეულია, თუმცა სპორტით და ცეკვით ბავშვობიდან არის დაკავებული. ახალგაზრდა ამბობს, რომ თელავში პარკურით ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული.
ვალერი Knews.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ სავარჯიშოდ საჭირო ადგილის გამოყოფის თხოვნით მან თელავის მუნიციპალიტეტის მერიას არაერთხელ მიმართა თუმცა უშედეგოდ. ვალერი ახლა საზღვარგარეთ არის წასული, თუმცა საყვარელ საქმეს იქაც არ ანებებს თავს.
,,14 წლის ვიყავი როცა ამ საქმიანობით დავინტერესდი. თავიდან დავიწყე უმნიშვნელო მოძრაობების გაკეთებით. ამ საქმიანობით ახალგაზრდების დიდი დაინტერესება იყო თელავში თუმცა, სავარჯიშო ადგილი არ გვქონდა. გვინდოდა პარკურ პარკი გახსნილიყო, რომ ერთ ადგილას გვევარჯიშა ყველას.
ახალგაზრდებს ახლაც აქვთ სურვილი თელავში სპორტის ეს სახეობა შეისწავლონ, მაგრამ ხელშეწყობა, სავარჯიშო ადგილის გამოყოფა და შემდეგ მისი სათანადოდ მოწყობაა საჭირო. სანამ თელავში ვიყავი, ადგილის გამოყოფის თხოვნით მივმართე მერიას, მაგრამ უშედეგოდ. ამის გამო ისევ ქუჩაში გავაგრძელე ვარჯიში. რამდენიმე წელია ყაზახსტანში ვიმყოფები.
პროფესიით ვარ მზარეული, თუმცა პარკურს და თანამედროვე ცეკვებს თავს არ ვანებებ. წასვლა მეტი განვითარებისთვის და ახალი ილეთების სწავლისთვის გადავწტვიტე.
ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ხშირად იმართება ჩემპიონატები, მასშტაბური სანახაობები და თელავიდანაც ახალგაზრდებს ექნებოდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ.
სამომავლოდ ვგეგმავ თელავში დაბრუნებას და დიდი იმედი მაქვს იქნება შესაძლებელი ადგილის გამოყოფა, რომ მოხდეს პარკურ პარკის გახსნა. თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ყველგან აქვთ ახალგაზრდებს ვარჯიშის შესაძლებლობა და მინდა ამ მხრივ თელავიც გააქტიურდეს. მინდა ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო”,- განუცხადა Knews.ge-ს ვალერი წიგნაძემ.