გურჯაანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
მეზობლების განცხადებით, 8 თვის ბავშვს, რომელიც გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე გარდაიცვალა, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციაც ჩაუტარდა.
როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან ყვებიან, დაკავებული მამაკაციც და ქალიც მეორე ქორწინებაში იმყოფებიან და მათ შვილები პირველი ქორწინებიდანაც ჰყავთ. მათი განმარტებით, მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და ცოლს როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, მამაკაცმა არა მხოლოდ ცოლს, არამედ ბავშვებსაც სცემა, რომელიც მის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ცნობისთვის, გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, რა დროსაც 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა, მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დროს დედას ახალშობილი ხელში ეჭირა, რა დროსაც მან გონება დაკარგა და გარდაიცვალა. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.
მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.