თელავი ,,1000 მშობლის მარშს” შეუერთდა
თელავი ,,1000 მშობლის მარშს” შეუერთდა. მარშის” მიზანს პროტესტი ქალებზე და მოზარდებზე გახშირებული ძალადობის ფაქტები და ცვლილებების მოთხოვნა წარმოადგენდა.
თელავის ცენტრალურ მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ქალთა უფლებების დამცველებმა სპეციალური მიმართვაც წაიკითხეს და ბოლო დროს დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდეს.
თელავში ღონისძიების ორგანიზატორის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თელავის კოორდინატორის, თამარ მოდებაძეს თქმით, მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება.
,,მთავარი მოთხოვნებსია შეცვალოს პარლამენტმა გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს; ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რათა ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა; გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი.
დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო. #მომისმინე #პროტესტის100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ რომ ცვლილებების დროა”,- განუცხადა Knews.ge-ს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა თამარ მოდებაძემ.