ლაგოდეხის ეროვნულ პარკთან ახლოს ესპანელი მფლობელი სასტუმრო Duande-ს ყიდის
ესპანელი დამფუძნებლები 3 წლის წინ ლაგოდეხის ეროვნულ პარკთან ახლოს ამოქმედებულ ტურისტულ ბიზნესს 500 000 დოლარად ყიდიან.
როგორც თავად სასტუმრო Duande-ს დამფუძნებლები ალეხანდრო პალომარი და ნიკოლ ბარტონი BM.GE-სთან საუბრისას ამბობენ, მათთვის ეს ლოკაცია ღირებული ადგილია, თუმცა სასტუმროს გაყიდვა ოჯახური მიზეზების გამო უწევთ.
„სასტუმროს გაყიდვა ოჯახური პირობებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რადგან უცხოელები ვართ, გვიწევს საქართველოს დატოვება, რათა ჩვენს ოჯახის წევრებს, ვისაც ჩვენი სიახლოვე ამ პერიოდში სჭირდება, მათთან ვიყოთ“, – ამბობს ნიკოლ ბარტონი.
ქონება მოიცავს 6 500 მ2-ზე სუბ-ტროპიკულ ტყეში განთავსებულ 6 ხის კოტეჯს, რომელსაც ცხელი გარე ჯაკუზი აქვს, ასევე მიმღების და რესტორნის შენობას. ასევე მენეჯერისთვის სტუდიოს ტიპის ოთახია მოწყობილი.
წყვილმა ოჯახური ბიზნესი საქართველოში 2014 წლიდან წამოიწყო და 3 წლის განმავლობაში წარმატებით მართავდა სასტუმროს.
როგორც თავად აღნიშნავენ, სასტუმროს მიმართ ინტერესი დიდი იყო როგორც ადგილობრივებში, ასევე უცხოელ ვიზიტორებშიც, თუმცა პანდემიის პერიოდში ობიექტი სრულად ადგილობრივი ტურისტების მოთხოვნაზე იყო დამოკიდებული, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი სხვა სასტუმროები.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლები სასტუმროს ყიდიან, Duande ოპერირებას არ წყვეტს და 5 მარტიდან სტუმრების მიღებისთვის მზად იქნება.