26 თებერვალს თელავი ,,1000 მშობლის მარშს” შეუერთდება
26 თებერვალს, 17:00 საათზე თელავი შეუერთდება ,,1000 მშობლის მარშს”.
თელავში ღონისძიების ორგანიზატორი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისის კოორდინატორი
თამარ მოდებაძე აცხადებს, რომ ,,1000 მშობლის მარშის” მიზანი პროტესტი და ცვლილებების მოთხოვნაა.
“26 თებერვალს, 17:00 საათზე თელავი შეუერთდება ,,1000 მშობლის მარშს”. მიზანი პროტესტი და ცვლილებების მოთხოვნაა. მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება. ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებთან ერთად გავახმოვანებთ მთავარ მოთხოვნებს: შეცვალოს პარლამენტმა გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს; ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რათა ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა; გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო. #მომისმინე #პროტესტის100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ რომ ცვლილებების დროა”,– განუცხადა Knews.ge-ს თამარ მოდებაძემ.