ლაგოდეხში დედის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში დედისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 2003 წელს დაბადებული რ.მ. უწყების ინფორმაციითვე, დანაშაული 5-8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,-განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ოჯახური კონფლიქტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
შეგახსენებთ, სოფელ განჯალაში, არასრულწლოვანმა შვილმა ცივი იარაღით, დედა დაჭრა. 42 წლის ქალს, რამდენიმე ჭრილობა მუცლის, გულ- მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილს საკუთარი შვილი თავდაპირველად, სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი მან დედა დანით დაჭრა.
დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.