ახალი ამბები

რას მოიცავს გრემის განვითარების პროექტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება.

პროექტი მოიცავს სპეციალურად გარე მოვაჭრეთათვის გამოყოფილ და მოწყობილ სივრცეს, ქართული ტრადიციული სამოსის (ჩოხის) სახლს, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზს, ქართული ტრადიციული კერძების სადეგუსტაციო სივრცეს, კახურ მარანს, ვენახს,შიდა პარკინგს, სარეკრეაციო ზონას და ქართულ ღვინის მარანს.

სოფლის განვითარების პროექტს კორპორაცია ,,გრემი” განახორციელებს. კომპანიის პიარ სამსახურის წარმომადგენელი აკაკი ბარკალაია აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილას განხორციელდება და ის სოფლის გაძლიერების გარდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასაც.

,, აქტიურად ვმუშაობთ პროექტზე „გრემის ახალი სიცოცხლე“, რომლის განხორციელებაც იგეგმება, ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილას, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში. პროექტის მიზანია, სარეკრეაციო, ტურისტული და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება, მაგალითისთვის, როგორიცაა ღვინის დეგუსტაცია, ტრადიციული კერძების დაგემოვნება. ასევე, მოეწყობა გამოფენები, წარმოდგენილი იქნება, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწარმი, ქართული ტრადიციული სამოსი, თიხის ნაკეთობები და სხვა მრავალი საინტერესო რამ’‘,- განუცხადა Knews.ge-ს აკაკი ბარკალაიამ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ სერვისები, რასაც მომხმარებელს შესთავაზებენ, ყველა ადამიანის ინტერესებზე იქნება მორგებული.

,,პროექტი მოიცავს, სარეკრეაციო, ტურისტულ და საზოგადოებრივ სივრცეებს, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება, ეს კი თითოეული ადამიანის ინტერესზე იქნება მორგებული. რაც შეეხება ფინანსურ რესურსებს და მათ მოძიებას, გეტყვით, რომ ის კერძო ინვესტიციებისგან შედგება, ხოლო ეს უკანასკნელი მთლიანად პროექტს ხმარდება”,-აცხადებს ბარკალაია.

კორპორაცია გრემმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული მეღვინეობის ხელშეწყობაა.

,, კორპორაცია ,,გრემი” დაარსდა 2017 წელს, რომელმაც თავიდანვე მიზნად დაისახა ქართული მეღვინეობის ხელშეწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

აქვე, გვინდა გაცნობოთ, რომ კორპორაციის წარსული მემკვიდრეობა ღვინის წარმოების მრავალ წელს ითვლის, ხოლო კომპანიის მთავარ ღირებულებას ქართული ისტორიის, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება-პოპულარიზაცია წარმოადგენს’‘,- აღნიშნა აკაკი ბარკალაიამ.

მათი თქმით, როგორც სხვა ბიზნესზე, პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მის საქმიანობაზე.

,,პანდემიამ თითქმის ყველა სფეროზე იქონია გავლენა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კორპორაცია ,,გრემსაც” შეეხო, თუმცა საერთაშორისო რეგულაციების გათვლისწინება-დაცვით ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და ვცდილობთ პროექტის განხორციელებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. რაც შეეხება პანდემიის პერიოდში წარმოქნილი პრობლემების მოგვარებას, მივიჩნევთ, რომ ყველაფერი მოგვარებადია, მაგრამ ამისათვის დრო და თითოეული ჩვენგანის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა საჭირო.”

ორგანიზაცია სამომავლოდ გეგმავს საზოგადოებას შესთავაზოს ისეთი სერვისები, რომელებიც ორიენტირებული იქნება ყველა ადამიანზე და არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე.