თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი სავარაუდოდ 8 თებერვლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას
თელავში ევროსტანდარტების შესაბამისი მუნიციპალური ტრანსპორტი, სავარაუდოდ, 8 თებერვლიდან დაიწყებს ფუქნციონირებას.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, მოსახლეობა თანამედროვე, კომფორტული და გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით ისარგებლებს.
საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მერს თანხმობა მისცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ დაფუძნებაზე.
საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული ა(ა) იპ ორგანიზებას გაუწევს თელავის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებას.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის განმარტებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვე იმუშავებს და ამ ხნის განმავლობაში ავტობუსით გადაადგილება მოსახლეობას უფასოდ შეეძლება.
საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებს, ხოლო შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოემსახურება.

