თელავში, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო
თელავში, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო.
მოვაჭრეებს ტესტირებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, სამუშაო ადგილზე უტარებენ.
მოვაჭრეების განცხადებით, რეგულარული ტესტირების საშუალებით, ისინი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეძლებენ.
“თუ ტესტირება ხშირად ჩატარდება, ჩვენ სამუშაო ადგილებს არ დავკარგავთ. ონლაინ საერთოდ არაფერი იყიდებოდა, მხოლოდ ფასებს კითხულობდნენ. კარგი იქნება, თუ ჩვენი ხარჯით არ მოგვთხოვენ ტესტის გაკეთებას”- განაცხადა ერთ- ერთმა მოვაჭრემ.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჯღუთაშვილის განმარტებით, ტესტირება პირველ მარტამდე უფასო იქნება.
დღეს, თელავში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა, დახურული ბაზრობები მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, სავაჭრო ცენტრი, რომელსაც 30 თანამშრომელზე მეტი ჰყავს, ვალდებულია, კორონავირუსზე ტესტირება მოვაჭრეთა 20%- ს ჩაუტაროს.