ახალი ამბები

კახეთის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა

1 თებერვლიდან, კახეთის რეგიონის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებილის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტად ხორციელდებოდა.

სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით მიმდინარეობს სკოლების ყოველდღიური მონიტორინგი.
,,2020 წელს, კახეთის რეგიონში დაიწყო 7 ახალი სკოლის მშენებლობა. კერძოდ, ახმეტის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. აქედან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 90 მოსწავლეზე გათვლილი ბოდბის საჯარო სკოლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ წინუბანში 150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული დასკვნით ეტაპზეა. სრული რეაბილიტაცია უტარდება 5 საჯარო სკოლას, ამავდროულად 80-ზე მეტ საჯარო სკოლაში 5 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის სკოლების სველი წერტილების მოწესრიგება განხორციელდა. ამ ეტაპზე
სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით. რეაბილიტირდა სკოლების სველი წერტილები. გარდა ამისა, სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს უტარდებათ ტესტრება COVID-19-ზე. ყველა სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით. მოსწავლეების ტრანსპორტირებისას გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები”,– აცხადებენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.