საქართველოში იაპონიის საელჩომ თელავის გადაუდებელი დახმარების ცენტრს რეანომობილი გადასცა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ ოთხი ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა.
ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილები საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონში: ოზურგეთში, ამბროლაურში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდება.
„დღევანდელი დღე ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა იაპონიის მთავრობასა და საელჩოს. ახალი რეანიმობილები ოთხ სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება, რის შედეგადაც სამედიცინო მომსახურეობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მაღალი გამავლობის სამედიცინო ავტომობილი პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ავტოპარკის განახლებაზე და ამისთვის დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს 60 ერთეული მანქანის დამატებაც არის დაგეგმილი“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში.
შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი გასულ წელს განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება.