ყვარელში 50 მილიონიანი პროექტის „ეკო სოფლის“ მშენებლობას იწყება
,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2021 წლის მარტიდან ეკო სოფლის „ქინძმარაულის ღვინის სოფლის“ მშენებლობას იწყებს.
KTW ჯგუფის დამფუძნებლის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ყვარელში ,,ეკო სოფელი” KTW ჯგუფის შვილობილი კომპანიის KTW Development-ისა და ცნობილი ფრანგული არქიტექტორული კომპანიის BPM Architectes-ის ერთობლივი პროექტია.
,,BPM Architectes-ი ღვინის თემატიკის მსხვილი პროექტების მშენებლობით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოდან, „ქინძმარაული ღვინის სოფელი“ სწორედ ამ კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში.
მიმდინარე წლის მარტიდან დავიწყებთ ,,ეკო სოფლის” მშენებლობას. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამუშაოების დაპროექტების ფაზაში ვართ. ესენია ჰიდროლოგია, გეოლოგია, აზომვითი ნახაზები და სხვა. ასევე ველოდებოდით პროექტის საბოლოო ვერსიას ცნობილი ფრანგული არქიტექტორული კომპანიის BPM Architectes-ისგან. უკვე მზად გვაქვს არქიტექტურული მოდელი თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ,,ეკო სოფელი.”
იგი 35.5 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ ვილებს და 9 ჰა რეკრეაციულ ზონას ბუნებრივი ტყით, ნაკადულებითა და ხელოვნური ტბით. სოფელი გასტრონომიულ წერტილებს, ღვინის მაღაზიას, სპორტულ და საბავშვო მოედნებს და ასევე ტურისტულ ატრაქციებს გააერთიანებს. 8 ჰა მიწაზე კი ქართული უნიკალური ჯიშების ვენახი გაშენდება. შატო „ქინძმარაული ვილიჯში”კი ადგილობრივი მოსავლიდან გადამუშავდება და ჩამოისხმება ღვინო. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ასევე გულისხმობს საფეხმავლო/ველო ბილიკებსა და ზიპლაინს.გეგმის მიხედვით ეს ორწლიანი პროექტია, მაგრამ მისი დასრულება დამოკიდებულია ძალიან ბევრ დეტალზე, მათ შორის ინვესტორების მოზიდვაზე. თუმცა, ჩვენი სურვილია რომ ეს ვილები მაქსიმალურად აითვისონ ქართველებმა “, – განაცახადა ზურაბ ჩხაიძემ.