NDI-გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის, 42%-ს კი მიაჩნია, რომ არ არის
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის, 42%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
12 %-მა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის. რაც შეეხება კითხვას, ქვეყანა როგორი მიმართულებით ვითარდება, 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32 პროცენტი ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ საველე სამუშაოები გასული წლის 17-24 დეკემბერის პერიოდში ჩაატარა. ჯამში კი კვლევა 2 053 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.1%-ია.
კვლევისას, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.