ახალი ამბები

კახეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებით შესაძლოა რეგიონული გეგმა შეიქმნას და საინფორმაციო კამპანია დაიწყოს

კახეთის რეგიონში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით შესაძლოა რეგიონული გეგმა შეიქმნას და მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყოს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განტოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ უკვე მომზადებულია კოვიდვაქცინაციის გეგმის 60 გვერდიანი დოკუმენტი.

მისი თქმით, აღნიშნულ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ყველა იმ შესაძლო ვაქცინის, რომელიც საქართველოში შემოვა, მახასიათებლები, ლოჯისტიკური, ტექნიკური და სხვა საკითხები.

,,ძირითადად განხილულია 3 სახის ვაქცინა : ფაიზერი (ამერიკულ-გერმანული), მოდერნა ( ამერიკული) და ასტრა-ზენეკა ( ბრიტანულ-შვედური). გეგმა არის გაწერილი 7-8 თვეზე. ასევე გაწერილია ვაქცინაციის კამპანიის ეტაპები/ფაზები, განსაზღვრულია პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპების მიხედვით.

პირველი პრიორიტეტული ჯგუფი, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, არის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, შემდეგ 75 ასაკის მოსახლეობა, მომდევნო ეტაპზე 65 წლის მოსახლეობა, შემდეგ 55 კი წლის მოსახლეობა.

ასევე გათვალისწინებულია ე.წ ესენციური ჯგუფები (ქრონიკული დაავადებების და სხვა ) ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და მოსახლეობისთვის უფასო. საფასურს იხდის სახელმწიფო. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება დიდი საინფორმაციო კამპანია კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით, რაშიც მედიას დიდი როლი ექნება”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.