რეგიონებში სკოლების გახსნა და სწავლების აღდგენა ეტაპობრივად მოხდება
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ეკატერინე ტირაკაძის განცხადებით, რეგიონების სკოლებში დასწრებულ რეჟიმში სწავლის განახლება და შეზღუდვების მოხსნა, იქ განვითარებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოხდება.
„ჩვენ რეგიონები გვაქვს დაყოფილი წითელ და მწვანე ზონებად. აქედან გამომდინარე, ეს გახსნებიც იქნება ეტაპობრივი საქართველოს მასშტაბით და იქნება სხვადასხვა გრადაციის.
რეგიონები, რომლებიც ჩვენი შეფასებით მწვანე ზონაა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე განათლების კომპონენტი გაიხსნას, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით. ყვითელ რეგიონებზე გვექნება სხვა მიდგომა და წითელ რეგიონებზე, რა თქმა უნდა, სხვა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
პირველ რიგში შეზღუდვები მოიხსნება სავაჭრო სექტორზე, ამის შემდეგ პრიორიტტი შეზღუდვების მოხსნების მხრივ განათლების სექტორია.
„სავაჭრო სექტორის შემდეგ, განიხილება განათლების სექტორის გახსნა, ვინაიდან ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის უშუალოდ დასწრება სკოლებში, აქედან გამომდინარე, კონკრეტულად შემდეგი, არის სწორედაც განათლების სფერო. აქ ჩვენ განვიხილავთ ერთდროულ კომპონენტებს – ეს იქნება ან ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება დავყოთ , შედარებით რისკიან და ნაკლები რისკის მატარებელ კლასებად და ასევე პრიორიტეტებად, რასაც გადაწყვეტს განათლების სამინისტრო.
სადაც არის საჭირო უშუალოდ კლასებში დასწრება და ჩვენ ვიქნებით უკვე ამ მიმართულებით მათთან ერთად ჩართული, რომ სკოლებმა მოახერხონ მაქსიმალური დაცვა როგორც ბავშვის, ასევე პედაგოგების. ეს არის ძირითადად ის ორი სფერო, რომელზეც ახლა მიმდინარეობს საუბარი “.
მარიამ ოქროცვარიძე