ახალი ამბები

ტაქსის მძღოლები, ბაზრის მოვაჭრეები და ეკლესიის მსახურები სწრაფ ტესტირებას დაექვემდებარნენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით გაიზარდა სწრაფ ანტიგენზე დამყარებულ ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა წრე.
ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, სწრაფ ანტიგენზე ტესტირებას დაექვემდებარნენ ტაქსისტები 14 დღეში ერთხელ პერიოდულობით, ასევე ბაზრის მოვაჭრეები და რელიგიური მსახურები, მათ შორის მესანთლეები, მგალობლები, მედავითნეები, სტიქაროსნები და სხვა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს ტესტირება ჩაუტარდებათ 7 დღეში ერთხელ პერიოდულობით, PCR მეთოდით.
,,გარდა ამისა, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს, ყოველგვარი სიმპტომების გარეშე შეუძლია მივიდეს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და უფასოდ ჩაიტაროს ტესტირება ანტიგენზე. დღეს, შობის ღამეს ინტენსიური მობილობის გათვალისწინებით, გუბერნიის და მერიების დახმარებით მიმდინარეობს ტაქსის მძღოლებისა და ბაზრის მოვაჭრეების მობილიზაცია და ადგილზე მიყვანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, სადაც მათ უტარდებათ ანტიგენზე სწრაფი ტესტირება. ასევე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კახეთის ეპარქიის მეუფეებთან და მათი ტესტირება ხდება ურთიერთშეთანხმების შედეგად”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.