ალავერდში საშობაო ალილო მრევლის გარეშე ჩატარდება
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით , პანდემიის ფონზე საშობაო ალილო ახალი წესებით და მრევლის გარეშე ჩატარდება.
მეუფე დავითის განმარტებით, მსვლელობაში მონაწილეობას მხოლოდ სასულიერო პირები და სტიქაროსნები მიიღებენ.
“რეგულაციები ძალაშია, ადგილზე მონიშვნებია, მრევლი პირბადით მოვა მსახურების დროს , დაიცავენ დისტანციას. ღამის 12:00 საათზე დავიწყებთ სადღესასწაულო მსახურებას, პურის კურთხევას, ცისკარს- ჟამობასა და წირვას. ალბათ ვინც მოვა ტაძარში ყველას ექნება ზიარებაზე კურთხევა.
სანამ დაიწყება მსახურება, ზიარებამდე ჩაუტარდებათ ტესტირება მრევლის წევრებსაც თუ მათ ექნებათ ამისი სურვილი. ასევე სტიქაროსნებს, ხოლო სასულიერო პირებს ყველას აქვს ლოცვა – კურთხევა ტესტის გაკეთების, მათი პირადი გადაწყვეტილებით ისინი ამას შეასრულებენ.
საშობაო ალილოზე მრევლი არ იქნება , მეტწილად იქნებიან სასულიერო პირები და მათი დამხმარე სტიქაროსნები, მცირე გუნდი, რომელიც ოჯახებთან კი მივლენ, მაგრამ დიდხანს დაყოვნება და საუბარი არ იქნება. შეგროვებული ნობათი კი გადაეცემათ სოციალურად დაუცველებს. “- აღნიშნა მეუფე დავითმა.