იორმუღანლოში პოლიციამ ”ჰეროინის” შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ამოღებულია ჰეროინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ა.ს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“-აღნიშნულია განცხადებაში.