ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე II – ის თემაზე საკოლექციო მონეტები გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მეფე ერეკლე II – ის 300 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, მონეტების ახალი სერიის “საქართველოს მეფეების” ფარგლებში, 5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო მონეტები გამოუშვა.

მონეტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

“საქართველოში ნუმიზმატიკის ისტორია თითქმის 26 საუკუნეს ითვლის. ქართული მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, უწყვეტ დინამიკაში მივადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს ნუმიზმატებს და განსაკუთრებით ამ თემით დაინტერესებულ საზოგადოებას, კიდევ ერთი ახალი მონეტის გამოსვლას. დარწმუნებული ვარ, ეს მონეტები სხვა საკოლექციო მონეტების გვერდით მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ მონეტების პრეზენტაციაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო მონეტებისათვის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და ავტორი ლევან კაკიაშვილია. მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. ვერცხლის მონეტის ფასია 100 ₾, ოქროს მონეტის კი – 1 690 ₾ და მათი შეძენა 2020 წლის 28 დეკემბრის 10:00 საათიდან მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის – https://moneymuseum.nbg.gov.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მონეტების უფრო მეტი კოლექციონერის ხელმისაწვდომობისთვის, პროდუქცია 2020 წლის 28 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ერეკლე II-ის პორტრეტის გამოსახულება. მონეტაზე ასევე დატანილია ერეკლეს ხელრთვა “ერეკლე”, მისი ხმალი და მეფის დაბადებისა და გარდაცვალების წლები – “1720” და “1798”. მონეტის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში კი განთავსებულია ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელზეც გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი. ვერცხლის მონეტის შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივერიული (ქართული) გვირგვინი. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “5 ლარი”, “GEORGIA” და “2020”.