22 წლის მეღვინე გოგო ლაგოდეხიდან
ლაგოდეხში მცხოვრები 22 წლის მარიამ მიროტაძე ორი წელია მეღვინეობით და მევენახეობით არის დაკავებული. ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციია ავრცელებს.
მისი თქმით, როცა ის 20 წლის გახდა, მამამ დაბადების დღეზე დიდი პაპის დატოვებული და აღდგენილი ვენახი უსახსოვრა. მისი თქმით, თავდაპირველად კარგად ვერც მიხვდა, საჩუქარი რაში სჭირდებოდა, თუმცა მერე ბევრი იფიქრა და ზუსტად ერთი წლის თავზე საკუთარი ღვინის ჩამოსხმა გადაწყვიტა.
„ძმა მყავს და საქართველოში ბევრი მშობელი, ალბათ, ვენახს სწორედ მას მისცემდა, მაგრამ მამა სულ მასწავლიდა, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია. ეს საჩუქარიც იმიტომ მერგო, რომ ყველა სტერეოტიპი დამემსხვრია. ჩემი ღვინო „სი“ სწორედ მამისთვის გადახდილი მადლობაა. მან გამიზიარა სიბრძნე, მომანიჭა სილაღე და მაგრძნობინა სიყვარული. მინდა, მასში თითოეულმა ადამიანმა საკუთარი სი აღმოაჩინოს“, – ამბობს მარიამი.
მარიამის 1 ჰექტარზე გაშენებული ვენახი ლაგოდეხშია. მამა, რა თქმა უნდა, ღვინის დაყენებაში ჯერ კიდევ ეხმარება.
„გამოცდილებას მიზიარებს, რომ საბოლოოდ ყველაფერი მარტომ შევძლო“, – აცხადებს მარიამი.
მარიამი ამბობს, რომ საფერავი და ევროპულად და ტრადიციულად დაყენებული ქვევრის რქაწითელი აქვს.
,,წელს ქისი და მწვანეც გავაშენე და სამომავლოდ ღვინოს ამ ჯიშებისგანაც ჩამოვასხამთ.”