ლაგოდეხში სამასამდე ხატს მირონი სდის
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში გულიაშვილების ოჯახში სამასამდე ხატს მირონი სდის.
გიორგი გულიაშვილის განმარტებით, ხატებმა მირონდენა გასულ წელს სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყეს.
თავდაპირველად მირონდენა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს დაეწყო, ხოლო შემდეგ სახლში არსებულ ყველა ხატს გადაედო.
გიორგი გულიაშვილი აღნიშნავს, რომ გარდა მირონისა, აღდგომის დღისით იესოს ჯვარცმას სისხლდენა დაეწყო.
,,პეტრე-პავლობის მარხვა იყო, სულთმოფენობის დღესასწაული ხატებმა მირონდენა რომ დაიწყო. თავდაპირველად ერთ ხატს დაეწყო და შემდეგ ნელ-ნელა ყველას გადაედო. მირონი სდის საეკლესიო კუთხეში მოწყობილ და კედელზე გაკრულ 300-მდე ხატს. ხატებთან ახლოს, კედელზე მირონდენა ჯერ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს დაეწყო. მას შემდეგ გაუჩერებლად სდის მირონი ხატებს. აღდგომის დღესასწაულზე კი ჯვარცმას და ღვთისმშობლის ხატს სისხლდენა დაეწყო”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი გულიაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სასულიერო პირებმაც იციან.
,,სასულიერო პირებს მაშინ გავაგებინე ამ საკითხზე, როცა ხატებმა მირონდენა დაიწყო. ერთი ხატი ეკლესიაში წააბრძანეს, თუმცა იქ მიტანისას მირონდენა შეწყვიტა და უკან დავაბრუნეთ სახლში. ხატების სანახავად და სალოცავად სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან როგორც მოქალაქეები, ისე სასულიერო პირები მოდიან’’,- განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.
გიორგი გულიაშვილი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მასზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან მას ტყუილის თქმაში სდებენ ბრალს.
,,როდესაც ამ საკითხზე სოციალურ ქსელში დავწერე, წამოვიდა ბევრი უარყოფითი კომენტარი, ბევრი მაბრალებს, რომ ტყუილს ვამბობ და ხატებს მირონი არ სდის. ასე მეუბნებიან ხატებს ზეთს მე ვასხავ და ხალხს ვატყუებ. მე მათ ჩემს ლოცვებში ვიხსენიებ’’,– აცხადებს გიორგი გულიაშვილი.