ქველმოქმედი თელავიდან, რომელმაც სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად საზოგადოება გააერთიანა

თელავში მცხოვრები მარტოხელა მამა, რომელიც ორ შვილს დამოუკიდებლად ზრდის, კახეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკვებს, ფულს, ტანსაცმელს და ავეჯს აგროვებს.

დავით მოსიაშვილის განცხადებით, საზოგადოების დახმარებით ამ დროისთვის 15–მდე ოჯახს დაეხმარა საცხოვრებელი და საარსებო პირობების გაუმჯობესებაში.

იგი იხსენებს, რომ ქველმოქმედების და კეთილი საქმის კეთების სურვილი სულ ჰქონდა, თუმცა მისთვის სტიმულის მომცემი უცხოეთში ყოფნისას, სრულიად უცხო ადამიანისთვის დახმარების გაწევის შემდეგ ნათქვამი სიტყვები გახდა.

,,2000 წელს უცხოეთში ვიყავი და დავინახე, ასაკოვან ქალს მოჰქონდა დიდი ჩანთა, დავეხმარე, სახლის კართან ის ფულს იღებდა საფულედან, რომ მოეცა. მე რა თქმა უნდა არ გამოვართვი და მან კი მითხრა, შენ ქართველი იქნები, ისინი არიან ასეთებიო. ამ სიტყვებმა დიდი სტიმული მომცა.
ჩემი შშმ მიმართულებით აქტიურობა ყველამ იცის და ამ კუთხით ვმუშაობ სხვა ბავშვების თუ ოჯახების გაძლიერებისთვის. ბევრ ოჯახში ვარ ნამყოფი, სადაც სხვადასხვა საჭიროება ჰქონდათ ბავშვებს. სწორედ აქედან გამიჩნდა სურვილი რამე გამეკეთებინა მათთვის.

ბოლო პერიოდში სოციალური აქტივობის გაზრდის შემდეგ, ჩემ გარშემო შეგროვდა დიდი აუდიტორია და ვფიქრობდი ამის გამოყენება როგორ შეიძლებოდა.

პირველად დახმარებისთვის აბიტურიენტმა გოგომ მომწერა. მას გამოცდისთვის ფული სჭირდებოდა, ასევე არ ჰქონდა ინტერნეტი და ტელეფონი. ამის გამო ვერ რეგისტრირდებოდა გამოცდაზე. მე გადავწყვიტე დახმარება და გარდა ფულადი დახმარებისა, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა მისთვის, რადგან არ ჰქონდა ჩანთა წიგნები. სწორედ მაშინ დავდე პირველი პოსტი სოციალურ ქსელში. საზოგადოების მხრიდან წამოვიდა დადებითი ემოციები: ვიღაცამ გამოთქვა სურვილი ჩანთა ეყიდა, ვიღაცას ონლაინ ესწავლებინა მისთვის და სხვა. ახლა ეს გოგონა არის სტუდენტი და ამან კედევ უფრო მეტი სტმული მომცა”, –განუცხადა knews.ge-ს დავით მოსიაშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათ დამარება ესაჭიროებოდათ.

მისი განმარტებით, ოჯახში მცხოვრებ 5 ბავშვს ძალიან მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.
დავით მოსიაშვილის განცხადებით, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მათ დასახმარებლად ბევრი ადამიანი გაერთიანდა.

 

,,აღნიშნული ოჯახი ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში. ინგა და თეიმურაზ ტაბატაძეებს ჰყავთ 5 შვილი, ახალგაზრდა მამას აქვს ავთვისებიანი სიმსივნე, გადაადგილება უჭირს. ტყუპები 2 წლის ნინი და ნიკა, 4 წლის გიგი, 7 წლის ნათია და 9 წლის გიორგი მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ. განსაკუთრებით საყურადღებოა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა – სმენის დაქვეითება, ფსიქომოტორული ჩამორჩენა- საჭიროებს მკურნალობას, სმენის აპარატს. ბავშვები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, აქვთ კვების პრობლემა. სახლი დაზიანებული და ელემენტარულად მოუწესრიგებელია, არაა კომუნიკაციები, სკამი, მაგიდა, საწოლი და არანაირი პირველადი საჭიროების ნივთები. მათ არ გააჩნიათ არანაირი შემოსავალი, მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არსებობენ.


ამ ოჯახის შესახებ ლაგოდეხში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის დახმარებით გავიგე. სამი ახალგაზრდა: ნიკა გოგოლაძე, ნათია იმერლიშვილი და ანი გელაშვილი ბევრ ოჯახს ეხმარებიან. სოციალურად დაუცველ ერთ ოჯახს კი სახლს უშენებენ. სწორედ ასე აღმოჩნდა ოჯახის შესახებ პოსტი ჩემს სოციალურ გვერდზე, რომელსაც წარმოუდგენლად ბევრი გამოხმაურება მოყვა. ამაში დიდი მონაწილეობა მიიღეს ემიგრანტებმა და ფინანსური დახმარება გაიღეს ოჯახისთვის. საკითხით ასევე დაინტერესდა მუნიციპალიტეტის მერია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება თავის თავზე აიღო. მიკავშირდება უამრავი ადამიანი არამარტო კახეთიდან, არამედ სხვა რეგიონებიდანაც და ამ ოჯახის დახმარების სურვილი აქვთ’’,
– განაცხადა დავით მოსიაშვილმა.

მან საზოგადოების დახმარებით აღნიშნული ოჯახისთვის 15 000 ლარადე თანხის, ავეჯის, ტანსაცმლის და სხვა ნივთების მოგროვება შეძლო, რომლითაც როგორც აღნიშნული ოჯახის, ასევე მორჩენილი თანხით სხვა გაჭირვებულების დახმარებას გეგმავს.

,,ამ დროისთვის შეგროვილია 15 000 ლარამდე. იქიდან გამომდინარე, რომ დახმარების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, ავეჯი, შეშა, ტანსაცმელი, მოწესრიგებული სახლი ექნებათ და ამ ფულით არაფერი მოაკლდებათ, ასევე ვგეგმავთ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მოვიძიოთ სხვა გაჭირვებული ოჯახები და თანხის ნაწილი რაც დაგვრჩება, წავიდეს მათ დასახმარებლად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ოჯახს რამე მოაკლდება. მათ ყველაფერი ექნებათ.
დიდი მადლობა ყველა ადამიანს ნდობისთვის, ეს ძალიან ემოციურია ჩემთვის და ყოველთვის ვეცდები მათი იმედები გავამართლო’’,–
განაცხადა დავით მოსიაშვილმა.