ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა კარვები გაშალეს

წუხელ, თელავის თეატრის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის ორმა მხარდამჭერმა კარავი გაშალა.

თბილისიდან ჩამოსული აქტივისტები, საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ.
მათ, ამ ფორმით, ასევე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, დღეს პარლამენტთან დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქტივისტების განმარტებით, მოგვიანებით, მათთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა და კომენდანტის საათის დაწყებამდე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. მიზეზად კი პანდემიასთან დაკავშირებით თეატრის წინ დეზინფექციის ჩატარება დაასახელეს.

“თავიდან გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტის გაფრთხილება იყო საჭირო აქციის ჩასატარებლად. რაზეც ჩვენ წავაკითხეთ კანონი, სადაც წერია, რომ არ ვართ გაფრთხილებაზე ვალდებული, თუ საგზაო მოძრაობას ხელს არ ვუშლით. ამის შემდეგ სხვა ეკიპაჟი მოვიდა, ფოტოები გადაუღეს ჩვენს პირადობებს და გვითხრეს, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ან მანქანაში ვყოფილიყავით, ან კარავში. ამჯერად, ვემორჩილებით მათ მოთხოვნას. თუმცა, დილიდან ისევ დავბრუნდებით
” – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა რამაზ აივაზაშვილმა.

კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აქტივისტებმა კარავი აიღეს. დილის ხუთი საათიდან კი ისევ თელავის თეატრთან დაბრუნდნენ.

აქტივისტებს ამ დროისთვის “ლეიბორისტული პარტიის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ვარდოშვილი შეუერთდა. მან განაცხადა, რომ აქცია გაგრძელდება და არ აპირებენ შეეგუონ შექმნილ მდგომარეობას.