თელავში ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება
თელავში ახალი ტურისტული მარშრუტის შემუშავებაზე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები თელავის განახლების ახალი ტალღის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც გულისხმობს „ისტორიული შვიდი ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებას.
,,პროექტის ფარგლებში, ქალაქ თელავში მოეწყობა შემდეგი ტურისტული ინფრასტრუქტურა: პარკირება და ბილიკი ზუზუმბოს გორაზე, ხიდთან მისასვლელი გზა, ზუზუმბოსა და დაბახნევის ბორცვების დამაკავშირებელი ხიდი, ბილიკები გიგოს გორასა და დაბახნევის ბორცვზე. ასევე სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება – ერეკლე მეორის ქუჩის, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლისა და ვაჟა-ფშაველას თეატრის სარდაფის რეაბილიტაცია”, –აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.