ახალი ამბები

კახეთის სოფლებში პაციენტებს 206 ექიმი ემსახურება

 კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე გართულებულია საავადმყოფოებში მისვლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, ამის გამო კი მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ძირითადი დატვირთვა უბნის და სოფლის ექიმებზე მოდის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ექიმები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებული.

მისი თქმით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 206 სოფლის ექიმი მუშაობს.

,,კახეთის ყველა სოფელში არის ექიმი, ზოგან 2 და მეტიც. ეს დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. მაგალითად წინანდალს ემსახურება 2 ექიმი, ყარაჯალას 4, აკურას 1, ვანთას 1 და ა.შ. სულ კახეთში 206 სოფლის ექიმია. რაც შეეხება ქალაქ თელავს, იქ პაციენტებს ემსახურება რამდენიმე დაწესებულების ოჯახის ექიმი და მათი არჩევა მოქალაქის სურვილზეა დამოკიდებული”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.