ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა ამის მიუხედავად, მათი კანდიდატები ბიულეტენებში მაინც რჩებიან
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოხსნილან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა აღნიშნული წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება.
კახეთის რეგიონში არჩევნები ერთ, თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში მიმდინარეობს. მიუხედავად მეორე ტურში გადასული ოპოზიციის კანდიდატის ბოიკოტისა, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს, ბიულეტენზე ორ კანდიდატს შორის აქვთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.