საქართველოს 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.
არჩევნების მეორე ტური იმართება №10 – თელავის, ახმეტის, ყვარელის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, სადაც ამომრჩევლებს ბიულეტენზე მეორე ტურში გადასული გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილ იქნებიან.
მეორე ტურზე ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.