გურჯაანელი ცურიკას ზღაპრული ამბავი
ცურიკა გურჯაანელი შოთა პაპას ძაღლია, რომელმაც ქალაქის ერთ-ერთი ბანკის ფილიალთან უცნაური ქცევით მიიპყრო ყველა გამვლელის ყურადღება.
შოთა პაპა დილით პენსიის ასაღებად იყო მისული როდესაც მოულოდნელად ცუდად გახდა, ბანკში მომუშვე პერსონალს სასწრაფოს გამოძახება მოუწია. ექიმებმა კი მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს.
სწორედ აქედან დაიწყო ცურიკას ზღაპარივით ამბავი. როდესაც დაინახა, რომ მისი პატრონი წაიყვანეს დილიდან საღამომდე ადგილიდან არ დაძრულა, ყველა გამვლელს ყნოსავდა და შოთა პაპას მოუთმენლად ელოდა, იმ ადგილს, სადაც შოთა პაპამ დატოვა, ერთი წამითაც კი არ მოშორებია. ყველა თავს დასტრიალებდა, ბანკის პერსონალისა და ხალხის ყურადღება მიიპყრო თავისი უცნაური ქცევებით და მოწყენილი, სევდიანი სახით. ბოლოს გადაწყვიტეს მოეძებნათ მისი პატრონი.
“არ ვიცოდით სად წაიყვანეს შოთა პაპა, ძალიან ბევრი ვეძებეთ, ბოლოს სასწრაფოს ეკიპაჟი ვიპოვეთ, გვითხრეს, რომ უკეთ იგრძნო თავი და სახლში წაუყვანიათ, მისამართიც გამოვართვით, წავიყვანეთ ცურიკა და მივუყვანეთ”,”– განუცხადეს knews.ge–ს გურჯაანის ერთ-ერთი ბანკის ფილიალის თანამშრომლებმა ანანო ნახუცრიშვილმა და ეკა ყალაბეგაშვილმა.
ასე დასრულდა გურჯაანელი ცურიკას და შოთა პაპას ზღაპარივით ამბავი. მისი პატრონიც კარგად არის და ცურიკაც იქაა სადაც მოუთმენლად ელოდა წასვლას.
მარიამ ოქროცვარიძე