არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება კრიტიკულია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯეიმს რიში და კომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი, საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.
„2012 წელს საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად ერთად მოგზაურობის შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის გაღრმავება და ეკონომიკის ზრდა. ამ უქმეებზე, ქართველების მზადებასთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს და შეასრულოს საერთაშორისო სტანდარტი თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის და დაიცვას საარჩევნო ყუთის სანდოობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ კოდივ-19-ის პანდემიამ ხელი შეუშალა საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობით წარმოდგენას საქართველოში არჩევნებზე, შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები ყურადღებით იქნებიან. ამიტომ, კრიტიკულია, რომ რუსეთის ფედერაცია არ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ყავს და რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის, როგორც მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერას და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს“, – აცხადებენ ისინი.
განცხადების გავრცელებამდე სენატორი რიში, ექსკლუზიურად “ამერიკის ხმასთან” 31 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ არჩევნების სანდოობა “ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს”.
სენატორები აცხადებენ, რომ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება კრიტიკულია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. „ამ წლის დასაწყისში მიღებული, საარჩევნო სისტემის კონსტიტუციური რეფორმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიის სანდოობის გასაძლიერებლად. ამ არჩევნების კარგად ჩატარება ამ მიღწევებს კიდევ უფრო გაამყარებს და აჩვენებს ქართველი ხალხის განგრძობით სურვილს მიისწრაფოდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – ამბობენ სენატორები.