შემოდგომის თელავი – ფოტოები
ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი); VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. ახალი შუამთის მთავარი ტაძარი, აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით — მოხატული. შემონახულია ქტიტორთა პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელ თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე. მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული. 1842 წელს მონასტერში იმყოფებოდა ანდრია მრევლიშვილი, რომელმაც არქიმანდრიტ სოფრონისაგან ნოტებზე ჩაიწერა კახური გალობის ნიმუშები. ახალი შუამთის ღვთისმშობლის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური