ამერიკის ელჩი: თავისუფალ არჩევნებში არ არის ადგილი ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში კელი დეგნანის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც აშშ-ის ელჩი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს.
“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესი იყოს უსაფრთხო და სანდო, რომ ხალხმა არჩევნები ლეგიტიმურად მიიჩნიოს. თავისუფალ არჩევნებში არ არის ადგილი ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვისთვის, ხალხის იძულების, რომ სურათი გადაუღონ თავიანთ ბიულეტინებს, ან სამსახურიდან გათავისუფლებით მუქარა და დაწინაურებით მოსყიდვა. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ხმა არის ერთი ადამიანი, ეს არ ნიშნავს ბიულეტინების ჩაყრას და მრავალჯერად ხმის მიცემას, არც გაყალბებას გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქართველ ხალხს შეუძლია მაღალი ხარისხის არჩევნების ჩატარება, ამას ქართველი ხალხი იმსახურებს”, – ამბობს კელი დეგნანი
დეგნანის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჭეშმარიტი დემოკრატიის ფუნდამენტია. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველომ, როდესაც ის შეუერთდა ეუთოს ან/და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აიღო ვალდებულებები, რომ დაეცვა საერთაშორისო სტანდარტები და ღირებულებები, რომელთა შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებიცაა და ეს სტანდარტები, მისი თქმით, ასევე საკვანძოა საქართველოს მომავლისთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე:
“საქართველომ, ისევე როგორც აშშ-მა, იბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების ეს საერთო სიყვარული ამ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გულშია. თავისუფლება რომ აირჩიო, შენი ლიდერი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, ფუნდამენტურია ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის. დემოკრატია სწორედ არჩეული თანამდეობის პირის ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ნიშნავს და არჩევნების მიზანიც სწორედ ესაა.
მე საქართველოში მოგზაურობისას ბევრ ადამიანს შევხვდი, რომელთათვისაც ისეთივე ძვირფასია ხმის უფლება, როგორც ამერიკელებისთვის. როდესაც საქართველო შეუერთდა ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო, ან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკურლებას, მან პასუხისმგებლობა აიღო, დაეცვა ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ღირებულებები და სტანდარტები ასევე საკვანძოა საქართველოს ნატოში გაწვიანებისთვის”, – ამბობს ელჩი.
კელი დეგნანის თქმით, ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ, რის მხარდაჭერასაც აშშ გააგრძელებს. ელჩის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ კენჭისყრის დღეს და ეს პროცესია, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო და ინკლუზიური. დეგნანი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, ხმა მისცეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში:
“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება არჩევნების დღეს, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური, სანდო და ხალხმა ის ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ხალხის იძულება, რომ ფოტო გადაუღონ საარჩევნო ბიულეტენს, ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას, ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი ნიშნავს ერთ ხმას.
ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა დავინახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც იკისრა. ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში” ,- ამბობს ელჩი.
კელი დეგნანის თქმით, მას სურს იხილოს კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ამომრჩევლისთვის იმის ახსნაზე, თუ როგორ გეგმავენ თავიანთი პრიორიტეტების შესრულებას და დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების პოლარიზებას ახდენს და რუსეთს და სხვა აქტორებს გზას უხსნის, ქვეყანაში დაპირისირება დათესონ:
“მინდა ვიხილო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, თუ როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ასევე ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ქართული საზოგადოების ასეთ პოლარიზებას ახდენს და გზას აძლევს რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი ატმოსფერო არჩევნებსა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა” ,- ამბობს დეგნანი.