დედოფლისწყაროში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს საქმიანობაში ხელი შეუშალეს
,,სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მათ დამკვირვებელს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 29 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი, წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა პ/გ „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატის შეხვედრას დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოში. სწორედ ამ დროს პარტიის ავტომობილი გააჩერეს მათთვის უცნობმა პირებმა და ხელს უშლიდნენ თავისუფლად გადაადგილებაში.
,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი შეეცადა აღნიშნული ვიდეოთი გადაეღო, რაშიც მერის წარმომადგენლის ძმამ და ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველმა ხელი შეუშალეს – მოსთხოვეს გაურკვეველი დოკუმენტაცია, რითაც ის დაადასტურებდა საჯარო სივრცეში ვიდეოგადაღების უფლებას. ამასთან საქმის გარჩევის მიზნით, დაიბარეს სოფლის ცენტრში და უთხრეს, რომ „სოფლიდან ვერ გავიდოდა“.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა 112-ში დარეკა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა და პირველივე შესაძლებლობისთანავე, ინციდენტის ადგილს განერიდა. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ მისულა. ორგანიზაციის დამკვირვებელი მოგვიანებით არხილოსკალოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში განცხადების დასაწერად დაიბარეს.
განყოფილებიდან გამოსვლის შემდგომ, მას კვლავ დაუკავშირდა პოლიცია და განყოფილებაში მიბრუნება სთხოვა დეტალების დასაზუსტებლად, რადგან საკითხით პოლიციის განყოფილების უფროსი იყო დაინტერესებული. განყოფილების დატოვების შემდეგ, დამკვირვებელს მესამედ დაუკავშირდნენ და პოლიციის დედოფლისწყაროს განყოფილებაში მისვლა სთხოვეს. გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ გამოძიება დროულად და ეფექტურად წარიმართება. „სამართლიანი არჩევნები“ და მისი დამკვირვებელი მზად არიან გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად მიუღებელია დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელისშეშლა და მის მიმართ მუქარა (ან დაშინება).
ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ყველა ზომა მიიღონ, რათა მათმა მხარდამჭერებმა იმოქმედონ კანონის ფარგლებში და ხელი არ შეუშალონ დამკვირვებლებს საქმიანობის განხორციელებაში”, -აცხადებენ ორგანიზაციაში.