წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
წინანდლის მამულში 4 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი ჩატარდა.
2020 წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წელს ფესტივალის ფორმატი განსხვავებული იყო. შემცირებული იყო როგორც ფესტივალის ხანგრძლივობა, ასევე ფესტივალის მონაწილეთა და დარბაზში დამსწრეთა რიცხვი. ფესტივალის სტუმრების და მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ორგანიზატორების მთავარ პრიორიტეტად იქცა.
წინანდალის ღია ამფითეატრში მსმენელის წინაშე წარსდგნენ მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი, დანიელ ლოზაკოვიჩი, ალექსანდრე კანტოროვი. ასევე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კამერული შემადგენლობით და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი განახლებული პროგრამით.
შესრულდა რახმანინოვის, მოცარტის, დებიუსის, შუმანის, ბრამსის, ბახის, შტრაუსის და სხვათა ნაწარმოებები. ლეგენდად აღიარებულმა არგენტინელმა პიანისტმა, მარტა არგერიხმა, ორი კონცერტი გამართა. ორი ფორტეპიანოსთვის შექმნილი პროგრამა მან წარმოშობით აგრეთვე არგენტინელ პიანისტთან, ნელსონ გიორნერთან, ერთად შეასრულა. ორჯერ წარსდგა მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მევიოლინედ აღიარებული ლიზა ბათიაშვილი. პირველ დღეს მან ნიკოლოზ რაჭველთან და ეროვნულ სომფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ნაწარმოებები თავისი ახალი ალბომიდან „City Lights”. სწორედ ამ კონცერტს დაესწრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების დელეგატებთან ერთად. მეორე კონცერტი ლიზა ბათიაშვილმა ახალგაზრდა მუსიკოსებთან – გიორგი გიგაშვილთან, ანასტასია აღლაძესთან, მირიან კვალიაშვილთან და ცოტნე ზედგენიზესთან – ერთად გამართა.
პირველად წარსდგნენ ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა პიანისტი, ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გრან პრის მფლობელი ალექსანდრე კანტოროვი და ვირტუოზი მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი, რომელმაც ადრეული ასაკიდან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გასულ წელს დაარსდა და 2019 წლის სექტემბერში წინანდლის მამულმა 15 დღის განმავლობაში 40-მდე კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად კამერული და სიმფონიური ორკესტრები მონაწილეობდა.
ასევე, ფესტივალის აკადემიის ფარგლებში დაარსებული პანკავკასიური ორკესტრი, რომელმაც 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსი გააერთიანა რეგიონის რამდენიმე ქვეყნიდან. წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია – დავით საყვარელიძე.