,,თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახეთში დავით ჭუნიაშვილის იქნება
გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქიში პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გურჯაანში მცხოვრები დავით ჭუნიაშვილი იქნება.
მისი განცხადებით, პარტიის მიერ გამოცხადებული ნდობა მისთვის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია.
,,ყველას, ვისაც სურს ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს, კი არ უნდა იწუწუნოს, არამედ ეცადოს თვითონ იაქტიუროს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რადგან ქვეყანას ასე სჭირდება. თუ ადამიანი თვლის რომ პატრიოტია, აქვს უნარი და სათანადო გამოცდილება, უნდა იაქტიუროს”,– განუცხადა Knews.ge-ს დავით ჭუნიაშვილმა.
პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარის თამარ კეკენაძეს თქმით, პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
,,ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მთელმა გუნდმა, თავისუფალი დემოკრატების წევრებმა ერთად, ერთხმად მივიღეთ. ჩვენი ამბიცია არ არის დამოუკიდებლად შევძლოთ ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა, თუმცა ჩვენი ამოცანა ნამდვილად არის პროდასავლურ ძალებთან ერთან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ, რათა ქვეყნის მოქალაქეებს დავუბრუნოთ ევროპული მომავლის იმედი.
“თავისუფალი დემოკრატები” გახდება საპარლამენტო პარტია და თქვენ, და ჩვენს თანამოაზრეებს გეყოლებათ თქვენი ხმა და წარმომადგენელი პარლამენტში.
ჩვენ ვაპირებთ, მცირე, მაგრამ ეფექტური გუნდით, მრავალფეროვანი კამპანია შევთავაზოთ ამომრჩეველს. თქვენთან ერთად ადგილებზე, სოფლებსა თუ ქალაქებში, კარდაკარ, გავაცნოთ მოსახლეობას, თუ როგორ ვხედავთ პანდემიის პირობებში მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ავუხსნათ თუ რატომ არის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება მათი კეთილდღეობის და უსაფრხოების გარანტი. და ბოლოს, დავარწმუნოთ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ისინი ხმას საკუთარ და ქვეყნის ევროპულ მომავალს აძლევენ“ – განაცხადა თამარ კეკენაძემ.