ახალი ამბები

სოფელ კაბალში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული მ.ხ.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანასოფლელს – 1977 წელს დაბადებულ ა.უ.-ს, სადღესასწაულო სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”,– აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს–ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.