ახალი ამბები

ISFED- კახეთში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დამკვირვებელზე ზეწოლის და პოლიტიკური ნიშნით მუქარის ფაქტები გამოიკვეთა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, კახეთის რეგიონში სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევები, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და წინასაარჩევნო კამპანიაში ეკლესიის ჩართულობის ნიშნები გამოიკვეთა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ელენე ნიჟარაძეს თქმით,  ანგარიში მოიცავს 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევები

თელავი

27 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები აღაჯალა ოღუჯოვის თქმით, მას, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, ღამით დაუხვდა რამდენიმე პირი და დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა აღნიშნული პარტიის მხარდაჭერას, დაისჯებოდა როდესაც ნაციონალები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ოღუჯოვი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს ახსენებს და ფიქრობს, რომ მისი დაშინება, სწორედ, ბოტკოველის ინტერესებში შედის. ოღუჯოვმა არ ისურვა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბარი. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ზურაბ მუსაევის თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რაც სტატიაში წერია, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს ფაქტს, თუმცა, ენდობა ოღუჯოვს და სჯერა მისი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, დამკვირვებელთან კატეგორიულად უარყო ასეთ ინციდენტში მისი და მისი მხარდამჭერების მონაწილეობა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

დედოფლისწყარო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობდა დახმარებას, კერძოდ, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200 ლარიანი დახმარების მისაღებად, ონლაინ რეგისტრაციას უფასოდ.

მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

29 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიო „WAY“- ის წინააღმდეგ, „როდი სკოტის ფონდის” ხელმძღვანელის ლია მარგოშვილის ორგანიზებით, აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევით დაემუქრნენ და დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისგან პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

რადიოს ინფორმაციით, მისი და ფონდის ოფისები ერთ შენობაშია, რომლის შესყიდვა ამ უკანასკნელს სურს. რადიოს მიერ, შენობის შესაძლო პრივატიზების საკითხზე ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა „როდის სკოტის ფონდის“ ხელმძღვანელს უთხრა, რომ შენობას ვეღარ მისცემდნენ და ურჩია აქცია მოეწყო, ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა. რადიოს ცნობით, ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და საარჩევნოდ, მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე და აქცია ახმეტის მერიის ხელმძღვანელი პირებისა და სუს-ის წარმომადგენლების დავალებით გამართა.

ლია მარგოშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან განაცხადა, რომ მას აქვს თავისი არგუმენტები და ზეწოლა და მუქარა გელა მთივლიშვილის და რადიოს მიმართ არ განუხორციელებია, რადგან ბრიტანული ფონდის ხელმძღვანელობა მსგავს ქმედებას პოზიტიურად არ შეაფასებს და, ასევე, მუნიციპალიტეტის მერისგანაც მიიღო შენიშვნა იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქციის გამართვა არავისთვის არის ხელსაყრელი.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, ძირითადად, გამოვლინდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციაზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასწრებაში: გურჯაანში, თელავში, ლაგოდეხში. აღნიშნულ ღონისძიებებზე დეპუტატობის კანდიდატები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერებთან ერთად, საწარმოების და ახლად რეაბილიტირებული ობიექტების გახსნა-

შემოწმებას ესწრებოდნენ, შემდეგ, მათ უმრავლესობას, სოციალურ მედიაში ეს საკუთარ აქტივობად ჰქონდა წარმოჩენილი. აღნიშნული ფორმით, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, კანდიდატების დასწრება აგიტაციის და, შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. ეს, კი, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს თანაბარი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოსთვის.

გურჯაანი

14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა – გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის ოლქში – დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, ჩუმლაყში მდებარე სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრო. აღნიშნული სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მასში 1 100 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კარდენახში, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტით“ დაფინანსებულ სასტუმრო „ამპელოს“ ეწვია. სასტუმროს საერთო ბიუჯეტში, მეექვსედი – 1 მილიონი ლარი აგროკრედიტია. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის “ფეისბუქ” გვერდზეც გაავრცელა.

საგარეჯო

14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის ოლქში – დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან ერთად, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკს“ სტუმრობდა.

აღნიშნული საწარმო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით სარგებლობს, მისი სრული ინვესტიცია 5 მლნ ლარია, საიდანაც სახელმწიფო გრანტი 345 000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი – 1 500 000 ლარს შეადგენს. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის “ფეისბუქ” გვერდზეც გაავრცელა.

თელავი

10 აგვისტოს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, თბილისის მერთან ერთად, სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერა. აღნიშნული სასტუმრო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმროს კომპონენტით იყო მხარდაჭერილი. ამის შესახებ ინფორმაცია კანდიდატმა „ფეისბუქ“ გვერდზეც გააზიარა.

ლაგოდეხი

11 აგვისტოს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სკოლის სამშენებლო სამუშაოებს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ქადაგიშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 1 აგვისტოდან დატოვა და ზემოაღნიშნულ ღონისძიებებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით იმყოფებოდა.

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ლაგოდეხი

11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.

ახმეტა

10 აგვისტოს, ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო.

დედოფლისწყარო

14 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.

სიღნაღი

19 აგვისტოს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ქადაგებისას, მრევლს მიმართა და არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. პოლიტიკაში არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომელთაც ბოდიშის მოხდა და ჩადენილი საშინელი დანაშულის აღიარება არ შეუძლიათ და მრევლმა უნდა შეუნდოს, თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება „რაღაც-რაღაცები მოგვახვიონ თავს“. მან მრევლს „წესიერი არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც ლანძღავს მისთვის ყველა მიუღებელია.